საქართველოს ქირურგიის მაცვნე #4

რედაქტორის წინასიტყვაობა

ქართული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გურამ ტატიშვილი.
საქართველოს ქირურგთა საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ექიმი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ქირურგთა მრავალი თაობის აღმზრდელი-პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ჭეშმარიტი მამულიშვილი.
ბატონი გურამ ტატიშვილი იყო ჟურნალ „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. სწორედ მისი ტიტანური შრომითა და ძალისხმევით შეიძინა ჟურნალმა სიცოცხლის უნარი და პერიოდულობა. სწორედ ბატონი გურამის დამსახურებით არის „საქართველოს ქირურგიის მაცნე“ ქართული ქირურგიული საზოგადოების ბეჭდვითი ორგანო და ქირურგთა სამეცნიერო პრაქტიკული მიღწევების ტრიბუნა.
ბატონი გურამ ტატიშვილის და ჩემი ურთიერთობა ჟურნალის შექმნის პროცესში გაღრმავდა. შევიძინე ღირსეული მეგობარი და დამრიგებელი, რომელიც, სამწუხაროდ, ჟურნალისთვის და ჩვენი მეგობრობისთვის ძალზე უდროოდ წავიდა მარადიულობაში.
„საქართველოს აკად. გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების“ სხდომების აღდგენა და „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ გამოცემა არის მისი ხანგრძლივი, საინტერესო და წარმატებული მოღვაწეობის გვირგვინი და ხელთუქმნელი ძეგლი.
„მშვიდობა ჰქონდეს მის სულს, დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ!“

„საქართველოს ქირურგიის მაცნეს“
პასუხისმგებელი რედაქტორი დავით ჯიქია