საქართველოს ქირურგიის მაცვნე #5

რედაქტორის წინასიტყვაობა

„ქირურგია განვითარებადი მეცნიერება და შემოქმედებითი ხელოვნებაა, უმაღლესი გამოხატულება – ჩაწვდეს და შეცვალოს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები კაცობრიობის საკეთილდღეოდ; მეცნიერება – კოლექტივის (საზოგადოების) იარაღია, ხელოვნება – პირადული (ინდივიდუალური) ფენომენია. ქირურგია ადამიანის გონების (ცნობიერების) ქმნილება და გამარჯვებაა“. „მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა კურსის შესავალი“
ა.ბეთანელი, მ.მაისურაძე

ქირურგია კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ყველაზე აქტიური დარგია. დღეს პრაქტიკული ქირურგია მჭიდროდ არის დაკავშირებული შემოქმედებით სამეცნიერო და აკადემიურ მოღვაწეობასთან.
„ქირურგიის“ თავდაპირველი მნიშვნელობა – „ხელსაქმე“ პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს „აქიმობის“ პრაქტიკული დარგი იყო, სადაც სამკურნალო ღონისძიებები ხელებით ან ხელსაწყოებით ხორციელდებოდა. ვიწრო პრაქტიკული „ხელსაქმიდან“ ქირურგია გარდაიქმნა სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობის სამედიცინო დისციპლინად, რომელიც არა მარტო შეისწავლის ქირურგიულ დაავადებებს, არამედ ქმნის და ავითარებს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ხერხებს, მეთოდებსა და საოპერაციო ტექნიკას. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ინვაზიის ტექნიკური შესრულებით, არამედ საბუნებისმეტყველო და სამედიცინო მეცნიერებების ცოდნას მოიცავს. თანამედროვე ქირურგიის წარმატებები საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგების მიღწევებითა და პროგრესით არის განპირობებული. ქირურგია ერთდროულად მეცნიერება და ჭეშმარიტად შემოქმედებითი ხელოვნებაა, იგი ნიჭის, თაობათა მიერ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების, თეორიული, პრაქტიკული და ექსპერიმენტული საქმიანობის შეუდარებელი ნაზავია. ქირურგია არა მარტო იყენებს საბუნებისმეტყველო, ტექნიკური თუ სოციალური მეცნიერებების მიღწევებს, არამედ მათ წინაშე ახალ, ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებსა და საკითხებს წარმოაჩენს.
ამდენად, თანამედროვე პრაქტიკული ქირურგიის დროსთან და პროგრესთან ფეხაწყობილი სვლისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, მტკიცებულებების მოძიება და წარმოჩენა, პროფესიული პრაქტიკის განვითარება, პროფესიულ ღირებულებებზე ზრუნვა.

ზემოთხსენებული მიზნები ძალზე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქართული ქირურგიის მამამთავარს აკად. გრიგოლ მუხაძეს. სწორედ მისი თაოსნობით დაფუძნდა თბილისის ქირურგიული კლინიკების კონფერენციები. სხდომები რეგულარულად, თვეში ორჯერ, რიგრიგობით ტარდებოდა თბილისის ქირურგიულ კლინიკებში. დღის წესრიგში იყო საინტერესო შემთხვევების დემონსტრაციები, რომლებიც ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეხებოდა. წესად იყო მიღებული კლინიკების მუშაობის წლიური ანგარიშის მოსმენა. სხდომებს ესწრებოდნენ ახალგაზრდა ქირურგები, კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, თსსი უფროსი კურსის სტუდენტები, რაიონებიდან ჩამოსული ქირურგები.
სწორედ ეს კონფერენციები ტრანსფორმირდა შემდგომ ქირურგიულ საზოგადოებებად (თბილისის და საქართველოს), საქართველოს ქირურგთა ასოციაციად და გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა საზოგადოებად. 2015-2016 წელს ღვაწლმოსილი ქირურგის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის და ორგანიზატორის პროფესორ გურამ ტატიშვილის თაოსნობით აღდგა და განახლებული სახით წარმოგვიდგა გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა საზოგადოება. ეს უდავოდ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამ წინსვლის ჭეშმარიტი გვირგვინი კი საზოგადოების ბეჭდვითი ორგანოს, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ დაფუძნება გახდა.
2017 წელს, როგორც ყველა წინამორბედი ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე, პროფესორების გ.თომაძე, ბ.მოსიძე, მ.კილაძე, ნ.ლომიძე, თ.ჩხიკვაძე და სხვათა თაოსნობით დაფუძნდა გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაცია.
ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ბეჭდვითი ორგანო, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „საქართველოს ქირურგის მაცნე“ გააგრძელებს თავის არსებობას და შეიტანს წვლილს საქართველოს ქირურგიის განვითარებაში.
მე პატივი მერგო, გავაგრძელო ჩემი დიდი წინამორბედის წამოწყება. კარგად მაქვს გაცნობიერებული ის სირთულეები, რომლებიც ასოცირებულია ასეთ პატარა ქვეყანაში, ვიწროდარგობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის გამოცემასთან არა მარტო ფინანსური, არამედ ინფორმაციული კუთხითაც.
“საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ არსებობა და განვითარება, მისი ხარისხი დამოკიდებულია საქართველოში მოღვაწე თითოეული ქირურგის, მომიჯნავე დარგების სპეციალისტების ჩართულობასა და აქტივობაზე ჟურნალის ცხოვრებაში.
შეუძლებელია, საქართველოს მასშტაბით ვიფიქროთ მულტიდისციპლინური, რანდომული კვლევების შედეგების რეგულარულად წარმოდგენაზე ჟურნალში (მასალა მართლაც მწირია). ჩემის აზრით, აქცენტები უნდა გაკეთდეს კლინიკურ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე, პროტოკოლებსა და ქირურგიული ტაქტიკის ალგორითმებზე, მეტად მნიშვნელოვანია კლინიკური შემთხვევების წარდგენა ქირურგთა წინაშე, მათი განხილვა და განსჯა. აუცილებელია მსოფლიოს ქირურგთა გამოცდილებისა და ქირურგიის მიღწევების და რეკომენდაციების გაზიარება თარგმანების სახით. ქირურგთა საზოგადოებაში მიმდინარე პროფესიული, ეთიკური და სხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვა.
მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ თანადგომა, ამ მძიმე, მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მხოლოდ თქვენი პრაქტიკული და შემოქმედებითი სამეცნიერო მოღვაწეობა და ჩართულობა არის ჟურნალ “საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ დღეგრძელობის, პროგრესის და აკადემიურობის გარანტი.
და ბოლოს, მინდა პატივი მივაგო ჩვენი წინამორბედების, მასწავლებლების და კოლეგების ნათელ ხსოვნას!

„გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“
მთავარი რედაქტორი დავით ჯიქია