
რედაქტორის წინასიტყვაობა
„მთავარი სიცოცხლეში – ადამიანებისათვის მუდამ მადლის ქმნაა.
თუ არ ძალგიძს აკეთო დიდი სიკეთე, ეცადე მცირედი მაინც შეძლო.“
„ქირურგისთვის არ უნდა იყოს „შემთხვევა“, მხოლოდ ცოცხალი, გატანჯული ადამიანი.“
წმინდა ლუკა განმანათლებელი (ვალენტინ ფელიქსის ძე ვოინო-იასენიცკი)
არქიეპისკოპოსი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ღვთისმეტყველების დოქტორი, სასულიერო მწერალი, ფილოსოფოსი
საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია და გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე წარმოგიდგენთ მორიგ ნომერს.
მოგეხსენებათ, მტკიცებითი მედიცინა არის კონკრეტული პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას თანამედროვე მედიცინის მეტად სანდო გამოცდილების გაცნობიერებული, ეჭვის საფუძველს მოკლებული, მიზნობრივი გამოყენება.
საექიმო ტაქტიკა, რომელიც ეფუძნება მტკიცებითი მედიცინის პრინციპებს, გულისხმობს ექიმის საკუთარი წარმოდგენების და სისტემური კვლევების საფუძველზე ჩამოყალიბებული კოლეგების ერთმნიშვნელოვანი გამოცდილების გაერთიანებას.
2018 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის და გადაუდებელ ქირურგთა მსოფლიო საზოგადოების თაოსნობით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ურგენტული აბდომინური ქირურგიის საკითხებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იყო რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი, ურგენტულ აბდომინურ ქირურგიაში ყველაზე გავრცელებული ნოზოლოგიების მართვის პრაქტიკული რეკომენდაციები.
„საქართველოს ქირურგიის მაცნე“ დიდ ყურადღებას უთმობს მტკიცებითი მედიცინის პრინციპების დანერგვას ქართულ ქირურგიულ საზოგადოებაში და მსოფლიოს ქირურგთა გამოცდილების და დამკვიდრებული რეკომენდაციების მიწოდებას. მოცემულ ნომერში წარმოდგენილია „გადაუდებელი ქირურგიის მსოფლიო საზოგადოების მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის იერუსალიმის რეკომენდაციების“ ორიგინალური ვერსიის სრული თარგმანი. პრაქტიკული რეკომენდაციები 8 ძირითად საკითხად არის დაყოფილი და მნიშვნელოვანი ღირებულების დებულებებითაა წარმოდგენილი. თითოეულ დებულებას გააჩნია მტკიცებულებების მაღალი დონე და რეკომენდაციების ხარისხი.
სარჩევი
სისტემური წითელი მგლურას ორი შემთხვევა, რომელიც იძლეოდა მწვავე მუცლის კლინიკურ სურათს
მუცლის სწორი კუნთისა და მენჯის ღრუს სპონტანური გიგანტური ჰემატომის იშვიათი შემთხვევა ბ.ირემაშვილი
რენოვასკულური დაავადება – თირკმლის არტერიის მწვავე თრომბოზი (კლინიკური შემთხვევა)
მირონცხებული დასტაქარი – ოთარ ბურჯანაძის მოგონება
ერთი წყვილის ისტორია პაციენტის ჩანაწერები