
რედაქტორის წინასიტყვაობა
მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მეშვიდე ნომერს.
კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ჟურნალის რეფერირების საითხზე. ამ ეტაპზე „გურამ ტატიშვილის საქართვლოს ქირურგიის მაცნე“ არის რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი და რეფერირდება ტექინფორმის „ქართულ რეფერატულ ჟურნალში“. ამ ეტაპზე საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ გია თომაძის და გამგეობის ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჟურნალის საიტის დასამზადებლად, ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა ჟურნალის საერთაშორისო საძიებო სისტემებსა და ბაზებში რეფერირებისათვის. ჟურნალმა წარმატებით გაიარა Scopus-ის საძიებო სისტემაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი და სრულად ეს პროცესი საიტის ინტერნეტ-სივრცეში ჩართვის შემდეგ დასრულდება.
თუმცა გულისტკივილით მინდა მოგახსენოთ, რომ არც ჟურნალის რედაქციის, არც ასოციაციის გამოგეობის ძალისხმევაა საკმარისი, რათა ჟურნალმა გააგრძელოს ნაყოფიერი და საინტერესო სიცოცხლე, ამისთვის თქვენი – საქართველოს ქირურგების, გრ.მუხაძის ასოციაციის წევრების, ჩვენი მკითხველების ჩართულობაა აუცილებელი. თქვენს მიერ მოწოდებული საინტერესო მიმოხილვები, კვლევები და მათი შედეგები, უცხოური ნაშრომების თარგმანები, რეკომენდაციები, საინტერესო კლინიკური შემთხვევები ან მეთოდებისა თუ მეთოდიკების აღწერილობები მისცემს ჟურნალს არსებობის და განვითარების შესაძლებლობას. ჟურნალის რედაქცია მზადაა თანამშრომლობისათვის.
ამა წლის 18 სექტემბერს ჟურნალის დამაარსებელსა და სულისჩამდგმელს, პროფესორ გურამ ტატიშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ჟურნალის რედაქცია და საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია პატივს მიაგებს მის ხსოვნას და წარმოგიდგენთ მისი ბიოგრაფიის საკვანძო ეტაპებს. მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს ბატონ გურამს, იქ სადაც მართალნი განისვენებენ.
სარჩევი
საუნივერსიტეტო კლინიკების ონკოლოგიური მულტიდისციპლინური საბჭოს („ტუმორ-ბორდი“) – გზამკვლევი
ლაპაროსკოპული პილოროშემანარჩუნებელი პანკრეატოდუოდენური რეზექცია
საყლაპავის ამოკვეთა თორაკოლაპაროსკოპული და ცერვიკალური მიდგომით
პროფესორი ბესიკ იაშვილი — იუბილე
ოქროს ლანცეტიანი დასტაქარი — პროფესორ გივი გონჯილაშვილის გახსენება