საქართველოს ქირურგიის მაცვნე #8

რედაქტორის წინასიტყვაობა

მოგესალმებით კოლეგებო!
წარმოგიდგენთ „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მერვე ნომერს. ჟურნალის ნომერი შედარებით დაგვიანებით მომზადდა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. მათ შორის ყურადღება მინდა გავამახვილო ავტორთა დაბალ აქტივობაზე. დღეს ჩვენი ჟურნალი თავისი არსებობის ახალ ეტაპზე გადადის, მიმდინარეობს მისი რეგისტრაცია „Scopus“-ის მონაცემთა ბაზაში – რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის სტატუსიდან (ამჟამად იგი რეფერირდება ადგილობრივად) მოხდება მისთვის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სტატუსის მინიჭება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება „საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ განვითარებისათვის. მაგრამ ამ პროცესებს აბრკოლებს მიმოხილვითი, სამეცნიერო-პრაქტიკული, კვლევითი თუ სხვა ტიპის ნაშრომების მკვეთრი დეფიციტი. მხოლოდ თქვენი, საქართველოს ქირურგიული საზოგადოების წევრების, ავტორების, მკითხველების აქტიურობაზეა დამოკიდებული ამ მნიშვნელოვანი წამოწყების მომავალი და პროგრესი.
მერვე ნომერში წარმოგიდგენთ საქართველოს გრ. მუხაძის ასოციაციის მიერ შემუშავებულ მწვავე აპენდიციტის მართვის ახალ, თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ კლინიკურ რეკომენდაციებს (გაიდლაინს). ჩვენს მიერ წარმოდგენილი გაიდლაინი ეფუძნება რამდენიმე საერთაშორისო და ქართულ წყაროს. გაიდლაინის შემუშავების პროცესში განხორციელდა სხვადასხვა გაიდლაინების შეჯერება, თარგმნა, შემდგომ ადაპტაცია და ექსპერტიზა დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ. გაიდლაინების ძირითადი დებულებები განხილული იყო საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის 2018 21 სექტემბრის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდა გადაუდებელ ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად. ადაპტირებისას მიღებულ იქნა კონსესუსი საქართველოს ქირურგთა ასოციაციის 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე.

ამის გარდა, განხორციელდა გაიდლაინის ძირითადი რეკომენდაციების შედარება და მოდერნიზაცია გადაუდებელი ქირურგიის მსოფლიო საზოგადოების (WSWS) იერუსალიმის გაიდლაინის 2020 წლის განახლებებთან (Diagnosis and treatment of acute appendicitis: 2020 update of the WSES Jerusalem guidelines).
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქიურგიის დაპერატამენტს (კათედრას) 2019 წელს შეუსრულდა დაარსებიდან 100 წელი. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა „საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ბოლო სხდომა, სადაც საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ილია ჭანუყვაძე. ფართო საზოგადოებას, მკითხველს წარმოვუდგენთ ამ მეტად საინტერესო მოხსენებას.
ჩვენი ჟურნალი გვერდს ვერ აუვლიდა დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, კორონავირუსულ პანდემიას და იმ გამოწვევებს, რომლებიც გაჩნდა ამ ინფექციის პირობებში. ასეთმა მასშტაბურმა აფეთქებამ შეცვალა მრავალი კლინიკის ფუნქციონალი და მთლიანად სისტემური მიდგომები. „მან გვაიძულა შეგვეცვალა არა მარტო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არამედ ისიც როგორ ვაკეთებდით“ (Dr. Giulio Mari, Desio Hospital in Desio). მთელს მსოფლიოში კადრების და გამოცდილების მწვავე დეფიციტის პირობებში წარმოიშვა ქირურგიული განყოფილებების რეორგანიზების, კადრების გადანაწილების და გადამზადების აუცილებლობა. კორონავირუსული ინფექციის პირობებში ქირურგიული აქტივობა მოითხოვს გარკვეული სპეციფიკური გადაწყეტილებების მიღებას და ქმედებების განხორციელებას (მაგ.: კოვიდინფიცირებული პაციენტის ოპერირების გადაწყვეტილების მიღება, საოპერაციო ბლოკის შერჩევა და მომზადება, ანესთეზიის ტიპის შერჩევა და პაციენტის მომზადება, ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ტრენირება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა და გამოყენება და სხვ.). ნომერში წარმოგიდგენთ ჩვენი კოლეგების გამოცდილებას Covid-19– ის მქონე პაციენტის შემთხვევაში, რომელსაც სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ქოლეცისტექტომია. შემთხვევა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მისი რეტროსპექტული ანალიზისას კარგად ჩანს კლინიკური და ეპიდემიოლოგიური სამსახურების ეფექტური თანამშრომლობის შედეგი.
ნომერში ასევე წარმოდგენილია იტალიელი კოლეგების შრომა „ელექტიური ქირურგიული პროცედურები ონკოლოგიურ პაციენტებში COVID-19-ის აფეთქების პერიოდში“. პანდემიის პირობებში სამედიცინო ცენტრებში გაჩნდა სამედიცინო პერსონალის და პაციენტების დაინფიცირების მაღალი რისკი, სწორედ ამ კონკრეტულმა გარემოებამ წარმოშვა დებატები: როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სამედიცინო ცენტრების პარადოქსული შიდა საფრთხის გასაკონტროლებლად როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის მუშაკებისთვის? სწორედ ამ კითხვაზე არსებული პასუხებს განიხილავენ იტალიელი კოლეგები და გვიზიარებენ თავის გამოცდილებასა და მიგნებებს.
2019 წლის 21-23 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში გაიმართა გლობალური კონფერენცია — „ქირურგია და ანესთეზია“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა პროფესორი მერაბ არჩილის ძე კილაძე. ნაშრომმა მიღო საუკეთესო შეფასებები. წარმოგიდგენთ ამ ინოვაციური მეთოდის აღწერილობას, ასევე უცხოელი კოლეგების გამოხმაურებებსა და შეფასებებს.
„საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მერვე ნომერში ქირურგიული საზოგადოება, მ.კილაძის სახ. საქართველოს მცირე ინვაზიური ქირურგთა ასოციაცია მოიგონებს რჩეულ მამულიშვილს, ლაპაროსკოპული ქირურგიის ერთერთ ფუძემდებელს პროფესორ მერაბ მიხეილის ძე კილაძეს. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

„გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“
მთავარი რედაქტორი დავით ჯიქია

სარჩევი

ზოგადი ქირურგიის კათედრა — 100 წელი

მუცლის ტკივილის სადიაგნოსტიკო გამოწვევები გადაუდებელ ქირურგიაში (კლინიკური რეკომენდაციები)

მწვავე აპენდიციტის მართვა მოზრდილი ასაკის პაციენტებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)

მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზი და ოპერაციული მკურნალობა COVID-19-ის მქონე პაციენტის შემთხვევაში (კლინიკური შემთხვევა)

ELECTIVE SURGICAL PROCEDURES IN ONCOLOGICAL PATIENTS DURING THE COVID-19 OUTBREAK. THE COVID-FREE TRIAL

PRIMARY LEIOMYOSARCOMA OF THE BONE (CASE REPORT)

„პირით-პირში“ ორმაგად ინვაგინირებული პანკრეატო-იეიუნოანასტომოზი ტრანსანასტომოზური სტენტირებით და პანკრეასის სადინრის გარეთა დრენირებით

პროფესორი აკაკი ბერიძე — იუბილე

პროფესორ მერაბ კილაძის გახსენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სრული ვერსიის გადმოწერა