ინფორმაცია სამეცნიერო-პრაქტიკული, რეცენზირებადი ჟურნალის „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ ავტორებისათვის
ჟურნალ „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეში“ სტატიის წარმოდგენის წესები:
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით, ორ ეგზემპლარად, ქართულ (ინგლისურ) ენაზე და აიტვირთოს ჟურნალის ვებ გვერდზე www.surgery.edu.ge, სპეციალური ფორმით, იხილეთ „სტატიის ატვირთვა“.
- წარმოდგენილი სტატიის მოცულობა არ უნდა იყოს 7 გვერდზე ნაკლები და 20 გვერდზე მეტი ცხრილების, დიაგრამების, საილუსტრაციო მასალის, ლიტერატურის სიის და რეზიუმეების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ჩათვლით.
- ნაბეჭდი (ან ელექტრონული) ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტული ფურცლის (A4) ერთ გვერდზე, 2,5 სმ სიგანის მარცხენა, 2-2სმ ზედა და ქვედა და 1,5სმ მარჯვენა ველების დაცვით. სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5.
- სტატია უნდა მომზადდეს MS Word-ში, გამოყენებული უნდა იყოს Sylfaen უნიკოდ შრიფტი, როგორც ქართული ძირითადი ტექსტი, ისე ქართული და ინგლისური რეზიუმე. შრიფტის ზომა უნდა იყოს 11.
- კვლევითი ხასიათის სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს: საკითხის აქტუალობა, კვლევის მიზანი, საკვლევი მასალა და გამოყენებული მეთოდები, მიღებული შედეგები და მათი განსჯა.
- შემთხვევის აღწერისას: საკითხის ზოგადი მიმოხილვა, საკუთრივ შემთხვევის აღწერა, განსჯა და დასკვნები.
- ექსპერიმენტული კვლევების შედეგების წარმოდგენისას, აუცილებელია, მიეთითოს და აღიწეროს საექსპერიმენტო ცხოველების სახეობა და რაოდენობა, გაუტკივარების ტიპი.
- სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ორ ენაზე ქართული და/ან ინგლისური. ქართულენოვან სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვან სტატიას – მხოლოდ ინგლისურ ენაზე. რეზიუმეს მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 130 და არაუმეტეს 250 სიტყვა.
- აუცილებელია, რეზიუმეს (ორივე ენაზე) ახლდეს: სათაური, ავტორების გვარები, სახელები, წარმომდგენი დაწესებულების ან ავტორთა სამუშაო დაწესებულებების მითითებით (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში საჭიროა მინიშნება ციფრით). ასევე, პასუხისმგებელი ავტორის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- რეზიუმე უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს (რომლებიც გამოყოფილი იქნება ტექსტში): მიზანი, მასალა და მეთოდები, შედეგები და დასკვნები;
- სტატიას უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები ორივე ენაზე.
- სტატიის ილუსტრირების წესები:
- ცხრილები წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (და არა რომელიმე გამოსახულების ფორმატით – მაგ., jpg, tiff, pdf). ცხრილი აწყობილი უნდა იყოს MS Word-ის ან MS Excell-ის ფორმატში, შეიძლება ჩართული იყოს ტექსტში ან წარმოდგენილი იყოს ცალკე ფაილის სახით, ამ შემთხვევაში ფაილს უნდა ერქვას სახელი: ცხრილი №; ყველა ციფრული, შემაჯამებელი და პროცენტული მონაცემი უნდა შეესაბამებოდეს ტექსტში მოყვანილს.
- დიაგრამები უნდა იყოს დასათაურებული, დანომრილი და ტექსტში შესაბამის ადგილზე მითითებული. დიაგრამები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც MS Word-ის ან MS Excell-ის ფორმატში, ისე jpg, tiff, pdf ფორმატებში. დიაგრამების წარწერები შესრულებული უნდა იყოს სტატიის ენაზე.
- ფოტოსურათები, სურათები, ნახაზები უნდა იყოს წარმოდგენილი კონტრასტული ფაილის სახით, jpg, tiff, pdf ფორმატში, დასათაურებული, დანომრილი და ტექსტში შესაბამის ადგილზე მითითებული. ამოხსნის ხარისხი არანაკლებ 200dpi.
- რენტგენოგრამების ფოტოასლები წარმოადგინეთ პოზიტიური გამოსახულებით jpg, tiff, pdf ფორმატში, დასათაურებული, დანომრილი და ტექსტში შესაბამის ადგილზე მითითებული. გამოსახულების ხარისხი არანაკლებ 200dpi.
- მიკროფოტოსურათების წარწერებში საჭიროა მიუთითოთ ოკულარის ან ობიექტივის საშუალებით გადიდების ხარისხი, ანათლების შეღებვის ან იმპრეგნაციის მეთოდი და აღნიშნოთ სურათის ზედა და ქვედა ნაწილები.
- ავტორები წარმოდგენილი უნდა იყვნენ ქართულ ენაზე – გვარი და სახელი სრულად, ინგლისურ ენაზე – გვარი და სახელი სრულად, გამართული უცხოური ტრანსკრიპციით.
- სტატიას თან უნდა ახლდეს ავტორის მიერ გამოყენებული სამამულო და უცხოური შრომების ბიბლიოგრაფიული სია (ბოლო 5-8 წლის სიღრმით).
- ბიბლიოგრაფიული სია დალაგებული უნდა იყოს ანბანური წყობით;
- ყველა წყარო უნდა მიეთითოს ინგლისურ ენაზე. თუ წყარო ქართულენოვანია (ან რუსული, ან სხვა ენა) ბოლოში ეთითება ორიგინალი ენა – (in Geo., in Rus.)
- წყაროში მიეთითება ავტორები (გვარი, ინიციალები, წელი ფრჩხილებში, სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება, ჟურნალის №, წელი, პირველი და ბოლო გვერდები, DOI). მაგალითი:
- Zimlitski, M., Zimlitski, G., Bregadze, G., & Loria, G. (2020). PRIMARY LEIOMYOSARCOMA OF THE BONE (CASE REPORT). Guram Tatishvili Bulletin of Georgia Surgery, 8 2020, Pages 61–65. https://doi.org/10.48412/GTBGS.2020.08.61-65
- თუ სტატია ქართულენოვანია (ან სხვა): Zimlitski, M., Zimlitski, G., Bregadze, G., & Loria, G. (2020). PRIMARY LEIOMYOSARCOMA OF THE BONE (CASE REPORT). Guram Tatishvili Bulletin of Georgia Surgery, 8 2020, Pages 61–65. https://doi.org/10.48412/GTBGS.2020.08.61-65 (In GEO).
- მონოგრაფიის შემთხვევაში მიუთითეთ გამოცემის წელი, ადგილი და გვერდების საერთო რაოდენობა, ასევე ინგლისურ ენაზე.
- ტექსტში, კვადრატულ ფრჩხილებში, უნდა მიეთითოს ავტორის შესაბამისი №, ლიტერატურის სიის მიხედვით.
- რედაქცია იტოვებს უფლებას, რეცენზენტების რეკომენდაციების შესაბამისად, შეასწოროს სტატია. ტექსტზე მუშაობა და შეჯერება ხდება საავტორო ორიგინალის მიხედვით. საბოლოო ვერსია მიეწოდება ავტორ(ებ)ს დასადასტურებლად.
- დაუშვებელია რედაქციაში ისეთი სტატიის წარდგენა, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემებში.
- აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში სტატიები არ განიხილება.
„გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ რედაქცია